ბლოგი
რა განსხვავებაა კაფელს, მეტლახსა და კერამოგრანიტს შორის?
კაფელი, მეტლახი და კერამოგრანიტი კერამიკული მოსაპირკეთებელი მასალებია, რომლებიც თიხის ნარევისგან მზადდება, მათი გამოწვა კი მაღალ ტემპერატურაზე ხდება. მიუხედავად ამ მსგავსებისა, ისინი ერთმანეთისგან სიმკვრივითა და წყლის შთანთქმის უნარით განსხვავდება, რაც მათ გამძლეობასა და გამოყენების არეალსაც განსაზღვრავს.
რა არის კაფელი და სად გამოიყენება?
კაფელი კედლის მოსაპირკეთებელი მასალაა, რომლის სახელწოდებაც გერმანული სიტყვიდან Kachel მომდინარეობს. მას გლუვი, მოჭიქული ზედაპირი აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერითა და ნახატითაა გაფორმებული.
კაფელი წითელი ან თეთრი თიხისგან მზადდება და დაახლოებით 1000-დან 1100 გრადუსამდე ტემპერატურაზე იწვება. მიღებული ფილა ფოროვანია და, როგორც წესი, 6-დან 8 მილიმეტრამდე სისქისაა. შედარებით მცირე წონის გამო კედელზე მისი დამაგრება მარტივია.

რა არის მეტლახი და რით განსხვავდება კაფელისგან?
სახელწოდება „მეტლახი“ გერმანიის ქალაქ მეტლახს უკავშირდება, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში Villeroy & Boch-ის ქარხანაში იატაკის ფილების წარმოება დაიწყო. ფილები შეღებილი კერამიკული მასის დაწნეხითა და მაღალ ტემპერატურაზე გამოწვით მზადდებოდა, ნახატი კი მათ მთელ სისქეზე გასდევდა. ამ ტექნოლოგიით მიღებული იატაკის საფარი მტკიცე და ცვეთაგამძლე იყო, ამიტომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა.
დროთა განმავლობაში ეს სახელწოდება ქართულ ენაშიც დამკვიდრდა და დღეს ზოგადად იატაკის კერამიკულ ფილას აღნიშნავს. კაფელთან შედარებით, მეტლახი უფრო მკვრივია და მისი სისქე, ჩვეულებრივ, 8 ან 9 მილიმეტრია, ზედაპირი კი ხშირად მინანქრითაა დაფარული.
რა არის კერამოგრანიტი და რით გამოირჩევა?
კერამოგრანიტი მაღალი სიმკვრივის ფილაა, რომლის წარმოებაც იტალიაში მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სიმტკიცითა და გამძლეობით ის ბუნებრივ გრანიტს ჰგავს, რასაც მისი სახელწოდებაც უკავშირდება.
მის დასამზადებლად თიხა, კვარცი და მინდვრის შპატი გამოიყენება. მათი ნარევი მაღალი წნევით იწნეხება, შემდეგ კი 1200-დან 1300 გრადუსამდე ტემპერატურაზე იწვება. შედეგად მიიღება მკვრივი, თითქმის უფორო ფილა, რომელიც შეიძლება მთელ სისქეზე იყოს შეფერილი ან ციფრული ბეჭდვით გაფორმებული. ბეჭდვის ამ მეთოდით ზედაპირზე ხის, ბეტონის, მარმარილოსა თუ სხვა ბუნებრივი ქვის ფაქტურის ზუსტი იმიტაცია იქმნება.

„ვენეტოს“ კატალოგში ძირითადად სწორედ კერამოგრანიტის ფილებია წარმოდგენილი. მათ შორისაა იტალიური და ესპანური ბრენდების სტანდარტული და დიდი ზომის მოდელები, რომლებიც დანიშნულების მიხედვით იატაკის, კედლისა თუ გარე სივრცეების მოსაპირკეთებლად გამოიყენება.
რომელი მათგანი უძლებს უკეთ ტენსა და ყინვას?
ფილის სიმკვრივის შესაფასებლად წყლის შთანთქმის კოეფიციენტი გამოიყენება. მის დასადგენად ლაბორატორიაში მშრალი ნიმუში წყლით ჯერდება, შემდეგ კი დგინდება, რამდენი პროცენტით მოიმატა მისმა წონამ. სწორედ ამ მონაცემს ითვალისწინებს ევროპული სტანდარტი (EN 14411) კერამიკული ფილების კლასიფიკაციისას.
ფოროვანი სტრუქტურის გამო კაფელი თავისი მშრალი წონის 10%-ზე მეტ წყალს იწოვს. მეტლახში კი ეს მაჩვენებელი ფილის ტიპზეა დამოკიდებული და ზოგიერთ შემთხვევაში 3%-დან 6%-მდე მერყეობს. კერამოგრანიტის წყლის შთანთქმის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და 0,5%-ს არ აღემატება. შესაბამისად, მასში ნაკლები წყალი აღწევს, ყინვისას არ ზიანდება და პირვანდელ იერსახეს დიდხანს ინარჩუნებს.
კაფელთან და ჩვეულებრივ მეტლახთან შედარებით, კერამოგრანიტს უფრო მკვრივი სტრუქტურა აქვს. ამიტომ, თანაბარი ზომისა და სისქის შემთხვევაში, ის, როგორც წესი, მეტ მექანიკურ დატვირთვას უძლებს.
რა არის PEI და როგორ დაგეხმარებათ ეს მაჩვენებელი კერამიკული ფილის შერჩევაში?
მოჭიქული ფილის ზედაპირის ცვეთაგამძლეობა PEI-ის შკალით ფასდება, რომლის კლასებიც 0-დან 5-მდეა დანომრილი. ლაბორატორიული შემოწმებისას ზედაპირი მბრუნავი აბრაზიული ნარევით მუშავდება და დგინდება, რამდენი ბრუნის შემდეგ გაჩნდება მასზე ცვეთის ხილული კვალი. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია PEI-ის კლასი, მით უკეთ უძლებს საფარი ხახუნით გამოწვეულ ცვეთას.
ფილის შერჩევისას ეს მაჩვენებელი სივრცის დატვირთვას უნდა შეესაბამებოდეს:
- PEI 0: ამ კლასის ფილები მხოლოდ კედლების მოსაპირკეთებლად გამოიყენება;
- PEI 1 და 2: განკუთვნილია მცირე დატვირთვის მქონე საცხოვრებელი სივრცეების იატაკისთვის, მაგალითად, საძინებლისა და აბაზანისთვის;
- PEI 3 და 4: შესაფერისია საშუალო და მაღალი დატვირთვის სივრცეებისთვის. ამ კლასებს მიეკუთვნება როგორც მეტლახის, ისე კერამოგრანიტის სხვადასხვა მოდელი;
- PEI 5: ცვეთაგამძლეობის უმაღლესი კლასია. ამ კლასის ფილები ინტენსიური მოძრაობის მქონე საზოგადოებრივ სივრცეებში გამოიყენება, მათ შორის სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში.
განსხვავება ზედაპირსა და ფორმატში
კაფელი და მეტლახი სხვადასხვა ფერითა და ნახატითაა გაფორმებული, მათი ზედაპირი კი შეიძლება პრიალა ან მქრქალი იყოს. კერამოგრანიტის კოლექციებში მარმარილოს, ხისა და ბეტონის ფაქტურის იმიტაციაც გვხვდება, რომელიც ციფრული ბეჭდვით იქმნება.
განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა ზომებში. კაფელი და მეტლახი ხშირად მცირე და საშუალო ფორმატით იწარმოება, მაგალითად, 20×50, 30×60 ან 45×45 სმ. კერამოგრანიტის არჩევანი კი უფრო დიდი ზომის ფილებსაც მოიცავს, მათ შორის 60×120, 120×120 და 120×280 სმ.

ევროპული ბრენდების კერამიკული ფილები „ვენეტოს“ შოურუმში
„ვენეტო დიზაინი“ „ვერონა ჯგუფის“ კონცეპტუალური შოურუმია. სამ სართულზე გაშლილ 2 500 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცეში ოცდაათამდე წამყვანი ევროპული მწარმოებლის, მათ შორის Inalco-ს, Porcelanosa-ს, Energieker-ის, KTL-ის, Tau Ceramica-სა და Italgranitigroup-ის, ორი ათასამდე მოდელია თავმოყრილი.
ესპანური და იტალიური ბრენდები კერამიკულ ფილებს ევროპული სტანდარტის (EN 14411) შესაბამისად აწარმოებენ. კოლექციების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია წყლის შთანთქმის, ცვეთაგამძლეობისა და მოცურებისადმი მდგრადობის მაჩვენებლები, ასევე მასალის სხვა მახასიათებლები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასებთ, რამდენად შეეფერება სასურველი დიზაინის ფილა იმ სივრცეს, რომლის მოპირკეთებასაც გეგმავთ.
სარემონტო მასალების შოურუმში იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ მოწყობილი სივრცეებია, სადაც კერამოგრანიტით მოპირკეთებულია იატაკი, კედლები და სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებიც. ასეთ გარემოში უკეთ აღიქვამთ ფილის ფერს, ფაქტურასა და ზომას და შეაფასებთ, რამდენად შეესაბამება ის ინტერიერის საერთო სტილს.

„ვენეტოს“ გუნდის წევრები კი დაგეხმარებიან, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით თითოეული ოთახისა თუ გარე სივრცისთვის შესაფერისი იატაკის საფარი შეარჩიოთ.