ბლოგი
ყველაფერი, რაც იატაკის ფილების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ
დერეფანში ფეხსაცმლით შემოტანილი ქვიშა იატაკის ზედაპირს ცვეთს, სამზარეულოში კი მასზე ხშირად წყალი იღვრება. ამიტომ ფილის შერჩევისას ფერსა და ფაქტურასთან ერთად მის ტექნიკურ მახასიათებლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა მასალა ოთახის დანიშნულებას შეესაბამებოდეს და ყოველდღიურ დატვირთვას გაუძლოს.
„ვენეტო დიზაინის“ სარემონტო მასალების შოურუმში კონსულტაციასაც ამ საკითხით ვიწყებთ: ჯერ ვაზუსტებთ, სად იგეგმება კერამოგრანიტის დაგება, შემდეგ კი 30-მდე ევროპული ბრენდის 2000-მდე მოდელიდან შესაფერისი ვარიანტის შერჩევაში გეხმარებით.
შეარჩიეთ PEI-ის კლასი სივრცის დატვირთვის მიხედვით
მოჭიქული (მინანქრით დაფარული) კერამოგრანიტის შერჩევისას შეამოწმეთ PEI-ის კლასი, რომელიც ფილის ზედაპირის ცვეთაგამძლეობას აჩვენებს. შკალა 0-დან 5-მდე კლასს მოიცავს და რაც უფრო მაღალია ის, მით უკეთ უძლებს ზედაპირი ხახუნს.
საძინებლისა და აბაზანისთვის, სადაც იატაკზე დატვირთვა მინიმალურია და ძირითადად რბილი ფეხსაცმლით დადიან, PEI-ის მე-2 ან მე-3 კლასის ფილა შეარჩიეთ. დერეფანში, შესასვლელსა და სამზარეულოში კი ფეხსაცმლით შემოტანილი ქვიშა და სკამების ხშირი გადაწევა ზედაპირს მეტად ცვეთს, ამიტომ ამ სივრცეებისთვის უპირატესობა მე-3 ან მე-4 კლასს მიანიჭეთ. მე-5 კლასის კერამოგრანიტი კი ისეთი კომერციული ობიექტებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი გადაადგილდება. თუ კერამიკულ ფილას ირჩევთ, მოჭიქულ მოდელებზეც PEI-ის კლასი შეამოწმეთ და გაითვალისწინეთ, რომ უფრო ფოროვანი სტრუქტურის გამო ის უმეტესად კედლებსა და ნაკლებად დატვირთულ ოთახებს შეეფერება.

თუ მთელ ბინაში ერთნაირი დიზაინის ფილების დაგებას გეგმავთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, ხელმისაწვდომია თუ არა სასურველ კოლექციაში შესაბამისი ცვეთაგამძლეობის მქონე მოდელები.
სველი ზონებისთვის მოცურებისადმი მდგრადი ფილა შეარჩიეთ
აბაზანისა და საშხაპის იატაკისთვის კერამოგრანიტის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მოცურებისადმი მდგრადობის მაჩვენებელს. მის შესაფასებლად დააკვირდით R9 და R13 ნიშნულებს. შესაბამისი კლასის დასადგენად გამოცდა ზეთით დაფარულ ზედაპირზე სპეციალური ფეხსაცმლით ტარდება და აჩვენებს, რა დახრილობაზე იწყება სრიალი.
საშხაპე სივრცისთვის დამატებით შეამოწმეთ A, B ან C ჯგუფის მარკირებაც, რომელიც სველ ზედაპირზე ფეხშიშველი გადაადგილებისას უსაფრთხოების დონეს განსაზღვრავს. ამ ზონისთვის უპირატესობა B ჯგუფის კერამოგრანიტს მიანიჭეთ და მწარმოებლის ინსტრუქციაშიც გადაამოწმეთ, რეკომენდებულია თუ არა შერჩეული მოდელის სველ წერტილში დაგება.

გარე სივრცისთვის ფილის ყინვაგამძლეობა გადაამოწმეთ
აივნის, ტერასისა და ეზოსთვის კერამოგრანიტის შერჩევისას წყლის შთანთქმის მაჩვენებელთან ერთად ყინვაგამძლეობაც შეამოწმეთ. ეს მოსაპირკეთებელი მასალა მშრალი მასის 0,5%-ზე მეტ წყალს არ იწოვს, თუმცა მხოლოდ ამ მონაცემით ყინვაგამძლეობას ვერ შეაფასებთ. ამის დასადგენად ტესტი ტარდება, რომელიც აჩვენებს, რამდენად უძლებს ფილა გაყინვისა და გალღობის მონაცვლეობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როცა დღისით ტემპერატურა ნულს ზემოთაა, ღამით კი ნულს ქვემოთ ეცემა.

შეარჩიეთ ფილის ფორმატი და გადაბმის ხაზის სიგანე
ფილის ფორმატი ოთახის ზომებისა და დაგების სქემის მიხედვით შეარჩიეთ. თუ სტანდარტული 60×60 სმ ზომის ნაცვლად დიდი ფორმატის ფილებს, მაგალითად, 60×120 ან 120×120 სმ ზომის მოდელებს გამოიყენებთ, იმავე ფართობის დასაფარად ნაკლები მოსაპირკეთებელი მასალა დაგჭირდებათ. შესაბამისად, იატაკზე გადაბმის ხაზებიც ნაკლები იქნება.
ფორმატთან ერთად ფილის კიდის დამუშავებაც გაითვალისწინეთ, რადგან გადაბმის ხაზის სიგანე მასზეცაა დამოკიდებული. რექტიფიცირებული ფილების კიდეებს გამოწვის შემდეგ ჭრიან ან ხეხავენ, რათა მათი ზომები გაათანაბრონ და გვერდები გაასწორონ. ამიტომ ასეთი ფილების შედარებით მცირე დაშორებით დაგება შეიძლება. მაგალითად, ზოგი მოდელისთვის 2 მმ სიგანის გადაბმის ხაზიც დასაშვებია.
შეადარეთ მქრქალი, პრიალა და რელიეფური ზედაპირები
მარმარილოსა თუ ბეტონის ფაქტურის კერამოგრანიტს შეიძლება მქრქალი, პრიალა ან რელიეფური ზედაპირი ჰქონდეს. არჩევისას გაითვალისწინეთ ოთახის განათება, იატაკის ყოველდღიური დატვირთვა და ზედაპირის მოვლის თავისებურებები.
დერეფნისა და სამზარეულოსთვის უპირატესობა მქრქალ ვარიანტს მიანიჭეთ. ის სინათლეს ფანტავს და ყოველდღიური გამოყენების კვალი ნაკლებად ეტყობა. პრიალა ზედაპირი კი სინათლეს ირეკლავს, ამიტომ ოთახი უფრო ნათელი ჩანს, თუმცა მასზე მტვერი და ნაკვალევიც ადვილად შესამჩნევია. ასეთი ფილა მისაღებისა და იმ სივრცეებისთვის შეარჩიეთ, სადაც იატაკი იშვიათად სველდება.

სველი და გარე ზონებისთვის რელიეფური ვარიანტები განიხილეთ, შერჩევამდე კი მათი მოცურებისადმი მდგრადობის კლასი შეამოწმეთ. თუ იატაკის გათბობას იყენებთ, შერჩეული მოდელის ტექნიკურ აღწერაში ამ სისტემასთან თავსებადობაც გადაამოწმეთ.
ფილის ფერი სხვადასხვა განათებაში შეაფასეთ
განათების მიხედვით ფილის ფერი განსხვავებულად აღიქმება, ამიტომ შოურუმში შერჩეული ნიმუში იმ სივრცეშიც შეაფასეთ, სადაც ფილა უნდა დაიგოს. დადეთ იატაკზე და დააკვირდით როგორც დღის შუქზე, ისე ხელოვნური განათებისას. კედლების ფერსა და ავეჯსაც შეადარეთ, რათა ნახოთ, რამდენად უხდება ინტერიერს.
იატაკის კერამოგრანიტი „ვენეტო დიზაინის“ შოურუმში
„ვენეტო დიზაინის“ კატალოგში იატაკის კერამოგრანიტისა და დიდი ფორმატის ფილების მრავალფეროვანი არჩევანია. ასორტიმენტი Inalco-ს, Energieker-ის, Porcelanosa-ს, Italgranitigroup-ის, KTL-ის, Tau Ceramica-სა და Vitacer-ის კოლექციებს მოიცავს.
შოურუმში ამ კოლექციების ფილები იატაკზეცაა დაგებული, ამიტომ მათ ფერსა და ფაქტურას ადგილზე უკეთ შეაფასებთ. კონსულტაციისას თითოეული ოთახისთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებით და აგიხსნით, რომელ ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.