ბლოგი

რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ უნიტაზი „ვენეტო დიზაინის“ შოურუმში?

აპარტამენტის აბაზანა თბილისში მუქი ფილებით, ჰერინგბონის მოპირკეთებითა და ჩამოსაკიდი უნიტაზით

უნიტაზის შერჩევა სააბაზანოს რემონტის დასაწყისშივეა საჭირო, რადგან კედლებისა და იატაკის მოპირკეთებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ზომა, მონტაჟის ტიპი და საკანალიზაციო სისტემასთან მიერთების მეთოდი. ამ დეტალებთან ერთად მნიშვნელოვანია ჩარეცხვის სისტემისა და სხვა კომპონენტების ხარისხიც.

მონტაჟის ტიპი: იატაკზე დასადგამი თუ კედელზე დაკიდებული

იატაკზე დასადგამი უნიტაზი გარე ავზით შედარებით იაფია და მარტივად მონტაჟდება, რადგან მას კედელში კონსტრუქციის ჩაშენება არ სჭირდება. თუმცა უნიტაზისა და იატაკის შეერთების ადგილას ჭუჭყი და ნესტი გროვდება, ამიტომ ამ ადგილის საფუძვლიანად გაწმენდას მეტი დრო სჭირდება.

კედელზე დაკიდებული მოდელებისთვის კი უნიტაზის ჩასაშენებელი სისტემები გამოიყენება, რომლებიც ავზსა და ფოლადის სამაგრ ჩარჩოს მოიცავს. ეს კონსტრუქცია კედელში მონტაჟდება, გარედან მხოლოდ მოწყობილობა და ჩარეცხვის ღილაკი ჩანს. უნიტაზი იატაკს არ ეხება, ამიტომ მის ქვეშ საფარის მოწმენდა ადვილია, სააბაზანოც უფრო ფართო ჩანს. თუმცა ასეთი მოდელის შეძენა და მონტაჟი შედარებით ძვირი ჯდება, ჩარჩოსა და ავზის ჩაშენება კი კედლების მოპირკეთებამდეა საჭირო.

დასრულებული აბაზანა გეომეტრიული მოპირკეთებით, ჩაშენებული ნიჟარითა და უნიტაზით

მასალა: ფაიანსი თუ ფაიფური

ბაზარზე წარმოდგენილი უნიტაზები ორი სახის მასალისგან მზადდება, ესენია: სანიტარული ფაიანსი და ფაიფური.

ფაიანსი ბიუჯეტური მასალაა, რომელიც თეთრი თიხისგან მზადდება და 1100°C-დან 1200°C-მდე ტემპერატურაზე მუშავდება. ფოროვანი სტრუქტურის გამო ის წყალს ადვილად იწოვს, ამიტომ მის ზედაპირს დამცავი მინანქრით ფარავენ. თუ დროთა განმავლობაში ეს საფარი დაზიანდა, ფორებში შესაძლოა ტენი და ჭუჭყი დაგროვდეს და უსიამოვნო სუნი გაჩნდეს.

ფაიფური კი უფრო გამძლე მასალაა, რომლის შემადგენლობაშიც მეტი კაოლინი (თეთრი თიხა) შედის. 1300°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას ის მინისებრ სტრუქტურას იღებს, რის გამოც მისი წყლის შეწოვის მაჩვენებელი 0,5%-ზე ნაკლები ხდება. ფაიფურის გლუვ ზედაპირზე ნადები ნაკლებად გროვდება და მისი გაწმენდაც ადვილია.

აპარტამენტი თბილისში #2-ის დასრულებული აბაზანა თეთრი ძარღვიანი კედლებით, შავი კარადით, საშხაპითა და უნიტაზით

შიდა კედლის ტიპი: რგოლიანი თუ ურგოლო (Rimless)

კლასიკური უნიტაზის ჩაღრმავებულ ნაწილს ზედა შიდა კიდეზე რგოლი აქვს, რომლიდანაც ჩარეცხვისას წყალი ჩამოედინება. ამ დაფარულ და ნესტიან ადგილას ნადები, ჭუჭყი და ბაქტერიები გროვდება, ამიტომ მის გასაწმენდად მოხრილთავიანი ჯაგრისი და შესაბამისი საწმენდი საშუალებაა საჭირო. თუმცა რგოლის ქვეშ ზედაპირის სრულად გასუფთავება ამ შემთხვევაშიც რთულია.

თანამედროვე Rimless ტექნოლოგიით დამზადებული უნიტაზი ურგოლოა და ასეთი დაფარული ღრუ არ აქვს, ამიტომ მისი შიდა ზედაპირი უფრო ადვილად იწმინდება. ჩარეცხვისას წყალი სპეციალური გამანაწილებლიდან წრიულად მოედინება და მთელ შიდა ზედაპირს თანაბრად სწვდება. წყალი რომ არ გადმოიშხეფოს, ხარისხიან მოდელებში ნაკადის სიძლიერე და მიმართულება ქარხნულადაა დარეგულირებული.

მუქი მწვანე კერამიკული უნიტაზი Bocchi V-Tondo Rimless Matt Green

ჩარეცხვის მექანიზმი: ერთმაგი თუ ორმაგი სისტემა

ერთმაგ სისტემას ერთი ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას ავზიდან 6-დან 9 ლიტრამდე წყალი იხარჯება. ასეთი მექანიზმი მარტივია, თუმცა ყოველი ჩარეცხვისას ავზი სრულად იცლება, მაშინაც კი, როცა ნაკლები წყალია საჭირო.

ორმაგ სისტემაში კი ჩარეცხვისთვის წყლის რაოდენობა ორი ღილაკით რეგულირდება. პატარა ღილაკზე დაჭერისას დაახლოებით 3 ლიტრი წყალი იხარჯება, დიდზე კი 6 ლიტრი, ამიტომ ავზის სრულად დაცლა ყოველ ჯერზე საჭირო აღარ არის. ამ მექანიზმის შექმნის მიზანიც წყლის ზედმეტი ხარჯვის შემცირება იყო.

არსებობს ე.წ. მორევული ჩარეცხვაც, რომელიც საქართველოში უკვე ფართოდ არის გავრცელებული. ამ პრინციპით მუშაობს Tornado Flush. ჩარეცხვისას წყლის ნაკადი შიდა კედელს წრიულად მიუყვება, მორევს ქმნის და ზედაპირს თანაბრად რეცხავს.

ზომა და ფორმა: მომრგვალებული თუ წაგრძელებული

უნიტაზის ზომისა და ფორმის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რამდენად მოსახერხებელია და რამდენ ადგილს დაიკავებს ის სააბაზანოში.

მომრგვალებული უნიტაზის სიგრძე კედლიდან წინა კიდემდე დაახლოებით 48-დან 50 სმ-მდეა. ასეთი მოდელი ნაკლებ ადგილს იკავებს, ამიტომ პატარა ფართობის ოთახში კარადის კარის გასაღებად ან საშხაპესთან მისასვლელად მეტი სივრცე რჩება. თუმცა წაგრძელებულ თასთან შედარებით ის ნაკლებად მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაღალი ადამიანებისთვის.

წაგრძელებული, ანუ ოვალური უნიტაზის სიგრძე კი კედლიდან წინა კიდემდე დაახლოებით 53-დან 56 სმ-მდეა. მისი ფორმა სხეულის აგებულებას უკეთ ერგება, უფრო კომფორტულია, თუმცა სააბაზანოში მეტ ადგილსაც იკავებს. ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ, სად განთავსდება აბაზანის ავეჯი, რათა ოთახში გადაადგილებისთვის საკმარისი სივრცე გქონდეთ.

აპარტამენტი თბილისში #2-ის დასრულებული აბაზანა ტერაცოს იატაკით, მრგვალი ნიჟარით, ხის კარადითა და უნიტაზით

სახურავი: ჩვეულებრივი პლასტმასი თუ დუროპლასტი Soft Close მექანიზმით

ჩვეულებრივი პლასტმასის (პოლიპროპილენის) სახურავი მსუბუქია, თუმცა შედარებით ადვილად იკაწრება და იღუნება. აბრაზიული საწმენდი საშუალებების გამოყენებისას კი დროთა განმავლობაში შესაძლოა გაყვითლდეს. ამასთან, თუ ნელი დაშვების მექანიზმი არ აქვს, დახურვისას კერამიკას ხმაურით ეჯახება, რამაც შესაძლოა მინანქარიც დააზიანოს.

დუროპლასტი კი გაცილებით მკვრივი და მყარი მასალაა, რომელიც კერამიკას წააგავს. ის ადვილად არ იკაწრება და დატვირთვასაც უკეთ უძლებს, ფერს დიდხანს ინარჩუნებს და ანტიბაქტერიული თვისებითაც გამოირჩევა. თუ დუროპლასტის სახურავს Soft Close (ნელი დაშვების) მექანიზმიც ექნება, ხელით ოდნავ დაწევის შემდეგ სახურავი ნელა და უხმაუროდ დაიხურება.

უნიტაზის შერჩევისას შეადარეთ მონტაჟის ტიპი, მასალა, კონსტრუქცია, ჩარეცხვის მექანიზმი, ზომა და ფორმა, ასევე სახურავის მახასიათებლები. ფერი კი ინტერიერისა და საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ.

„ვენეტო დიზაინის“ სარემონტო მასალების შოურუმში უნიტაზებს Bocchi-ს, SDR Ceramiche-სა და Bathco-ს კოლექციებიდან შეარჩევთ. ფერების არჩევანიც მრავალფეროვანია და კლასიკურ თეთრთან ერთად მქრქალ ნაცრისფერ, შავ და მწვანე ტონებსაც მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *